ბადრი ესებუა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

19.04.23 12:33
ბადრი ესებუა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

ბადრი ესებუა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ესებუას ადვოკატმა დაუდასტურა.

ადვოკატი ამბობს, რომ ფსიქიატრიულში გადაყვანის გადაწყვეტილება ბადრი ესებუას ნების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული.

ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის გამოკვლევის ჩატარებას 10-15 დღე დასჭირდება.

„დაახლოებით ერთი საათის წინ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ციხიდან სასამართლომ მიიღო წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბადრი ესებუა გადაყვანილია სამხარაულის ბიუროს ფსიქიატრიულ დეპარტამენტში. თქვენ იცით, რომ ადრე ბრალდების მხარის მოთხოვნით, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში გადაყვანაზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით. ბრალდების მხარემ ეს იმ მოტივით მოითხოვა, რომ თითქოს ასეთი დანაშაულის ჩამდენი ადამიანი შეიძლება არ ყოფილიყო გაწონასწორებული ფსიქიკურად და ამ მოტივით სასამართლომ მიიღო ეს შუამდგომლობა, დააკმაყოფილა, თუმცა ჩვენ ვთვლიდით მაშინაც და დღესაც ვთვლით, რომ სასამართლოს ამის დაკმაყოფილების არანაირი, როგორც ფორმალური ასევე საპროცესო საფუძვლებიც არ ჰქონდა. მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანას ვერ დავარქმევ ამას, თუმცა მისი ნების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება და ბუნებრივია მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.“- ამბობს ადვოკატი.

დღეს სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ესებუა ფსიქიტრიულში გადაყვანეს, გადაიდო.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები