დავიცავთ ნებისმიერი მოქალაქის უფლებას - შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

14.05.21 19:07
დავიცავთ ნებისმიერი მოქალაქის უფლებას - შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

15-20 მაისს თბილისში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი.  ღონისძიების ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომები მიიღო. შსს განცხადებას ავრცელებს.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.
საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა.
პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს. სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და კანონით გარანტირებულ სხვა უფლებებს - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები