"ცხედარს, სავარაუდოდ, სახლში მალავდა" - მამის მკვლელობის ბრალდებით თერჯოლაში 22 წლის ბიჭი დააკავეს

19.04.23 15:11
"ცხედარს, სავარაუდოდ, სახლში მალავდა" - მამის მკვლელობის ბრალდებით თერჯოლაში 22 წლის ბიჭი დააკავეს

მამის მკვლელობის ბრალდებით თერჯოლაში 22 წლის ბიჭი დააკავეს. გარდაცვლილია 59 წლის ვანო გავაშელაშვილი.

ადგილობრივების თქმით, მამის ცხედარს შვილი სახლში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდა.

მამაკაცს შვილმა სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. საზარელი დანაშაულის შემდეგ კი ერთ-ერთი ვერსიით, შვილმა მიმალვა სცადა.

„პარასკევს საღამოდან არ ჩანს ეს პიროვნება გარდაცვლილი და კვირა დილით მოიკითხა სამეზობლომ, სულ ჩამოდიოდა ყველასთან დომინოს თამაშობდა. კვირა დილას, რომ მისულან და დაუძახიათ გამოხედა იმ ბავშვმა, შვილმა. რომ ჰკითხეს სად არის მამაშენიო არ ვიციო 5 დღე არ მინახავსო. რომ არეულად საუბრობდა დაეჭვდნენ და შევიდნენ შიგნით და დახვდათ ეგეთი სიტუაცია და მაგათი შესვლა და იმ ბავშვის გამოქცევა ერთი იყო. პოლიციამ რეაგირება მოახდინა, დაიჭირა იმ დღესვე, სადღაც აქ დაუჭერიათ“.- ამბობს ადგილობრივი.

მკვლელობა თერჯოლაში აღდგომის წინა ღამეს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.