ბავშვები შიმშილის ზღვარზე - საქართველოში, მოსწავლეების 35% სკოლაში საკვებს ვერ იღებს

20.04.23 13:12
ბავშვები შიმშილის ზღვარზე - საქართველოში, მოსწავლეების 35% სკოლაში საკვებს ვერ იღებს

საქართველოში ბავშვები შიმშილის ზღვარზე არიან. სკოლის მოსწავლეები ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სასკოლო საათებში საკვებს ფაქტობრივად ვერ იღებენ.

იუნისეფის და საქსტატის ერთობლივი, უახლესი ანგარიშის მიხედვით, გაჭირვებული მშობლები შვილებს მინიმალურ საჭიროებებსაც კი ვერ უკმაყოფილებენ. ვერ ყიდულობენ მოაზარდებისთვის ტანსაცმელს, წიგნებს და საკვებსაც კი. ყველაზე მძიმე ვითარება ამ მხრივ დედაქალაქშია. საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის საგანგაშო შედეგების მიხედვით, სხვადასხვა მიზეზის გამო, პრობლემები არსებობს განათლების ხელმისაწვდომობის კუთხითაც.

UNICEF აღნიშნავს, რომ  სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.

"ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, რომ ბავშვების 38% საქართველოში ცხოვრობს სოციალურ და მატერიალური დანაკლისის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სრულყოფილი და სრულფასოვანი განვითარებას საკმაოდ დიდი რისკი ექნება. ჩვენ ჩავატარეთ ბავშვის კვების გამოკვლევა, განსაკუთრებით სკოლის საათებში სასკოლო ასაკის ბავშვებში და აქაც საინტერესო სურათი გამოიკვეთა და სადღაც 35% ანუ 1/3-ზე მეტი ბავშვი არასდროს არ ჭამს სკოლის საათებში და აქაც განსაკუთრებით არ ჭამენ მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონდე ბავშვები."- ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი.

კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი. 

კვლევა სრულად ნახეთ აქ.

მსგავსი სიახლეები