პრემიერს მშობლები დროს 3 საათამდე აძლევენ - სოფო ჯაფარიძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების მხარდასაჭერად მივიდა

20.04.23 14:14
პრემიერს მშობლები დროს 3 საათამდე აძლევენ - სოფო ჯაფარიძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების მხარდასაჭერად მივიდა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი ღარიბაშვილს მოსამაფიქრებლად დროს ზუსტად სამ საათამდე აძლევენ. თუ პრემიერი მის სამსახურთან შეკრებილ დედებს არ შეხვდება და მათ ხმას არ გაიგებს, მაშინ მოზარდების მშობლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

"ორი ღია წერილი გვაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული და ასევე ოფიციალურად ჩაბარებული და დღევანდელი წერილის მიხედვით ჩვენ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, თუ პრემიერი ვერ შეგვხვდება, გამოგვიყოს ვინმე მისი ნდობით აღჭურვილი პირი, შეგხვდეს მშობლებს და დაგველაპარაკოს, ვინაიდან მშობლები უკვე ღამეს ათენებენ აქ და არ დაისჯებიან, მანამ სანამ საქართველოში ჩვენი შვილებისთვის არ დაიწყება ამ მედიკამენტით მკურნალობა."- ამბობს მშობელი.

სულ ცოტა ხნის წინ, სამთავრობო კვარტალში აღმართულ რკინის ფარდასთან დედების მხარდასაჭერად მივიდა სოფო ჯაფარიძე. 

"აქ არის უკვე უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მათი შვილებისთვის თითო დღესაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ნება იბოძოს პრემიერმა, ნება იბოძონ ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ნაგვის ურნებში იხდიან 10 მილიონს და სრულიად არამიზნობრივად ხარჯავენ ამხელა თანხებს, დღეს, როდესაც ბავშვების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე არის საუბარი, ყველაფერი გადადონ გვერდით და ამ ბავშვებს დაეხმარონ და დადგნენ გვერდით" - სოფო ჯაფარიძე.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. დედებმა წუხანდელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს.

მშობლებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ, სურთ საკუთარი შვილებისთვის მედიკამენტი, რომელიც ძვირია, აზარაშვილთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ ახლა დედები პასუხებს პრემიერისგან ითხოვენ.

 

მსგავსი სიახლეები