აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციისთვის ემზადებიან - ადგილზე ოპოზიციონერებიც მივიდნენ
დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები საპროსტესტო აქციისთვის ემზადებიან. ირაკლი ღარიბაშვილის რკინის ღობით შემოსაზღვრულ სამსახურთან მშობლები საკუთარ მოთხოვნებს ზუსტად ორ საათზე გააჟღერებენ. აქციას აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებიც უერთდებიან.
ჯანდაცვის მინისტრთან უშედეგოდ დასრულებული კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ, დედები საკუთარი ხმის მიწვდენას სწორედ პრემიერ-მინისტრამდე ეცდებიან.
"სუფთა ყვარყვარეა რა, ოქროს სასახლეს აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერეო, ასე გამოუვიდა მინისტრს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ბავშვი გაიზარდოს სიმაღლეში, ვითხოვთ, რომ ჩვენს შვილებს გაეზარდოთ კიდურები.
რომ მოძრაობა შეძლონ. არ ჰქონდეთ ის თანხმლები დაავადებები, არ ჩაუდგეთ თავში სითხე. ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას და პრეპარტს ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის. ხელის თითებიც კი ეზრდებათ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ბავშვებს, რომ ნივთები სწორად აიღონ. ამაზე ტამარ გაბუნია მპასუხობს იმით, რომ მშობლები თითქოს იტყუებიან და იგონებენ რაღაცას". - ამბობს მშობელი.
ამ წუთებში, მშობლების მხარდასაჭერად კანცელარიასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.
პარტია "საქართველოსთვის" წევრს გიორგი შარაშიძე კახა კალაძეს სთავაზობს, რომ მაშინ როდესაც მერია 10 მილიონიან ტენდერს აცხადებს ნაგვის ურნებისთვის, ეს თანხა განახევრდეს და ნახევარი გამოიყოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების პრეპარატისთვის.
თბილისის მერიას გამოცხადებული აქვს 10 მილიონი ლარის ტენდერი მიწისქვეშა ნაგვის ურნების შესაძენად – თითო ნაგვის ურნა თბილისელებს 50 ათასი ლარი დაუჯდებათ! არ მოგესმათ - 50 ათასი ლარი თითო ნაგვის ურნა! წარმოუდგენელია, იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში და მის დედაქალაქში უამრავი სოციალური პრობლემაა, თბილისს ჰყავდეს მერი, რომელიც ასეთი ფუფუნების უფლებას მისცემს თავს და მაშინ, როცა გაერო-ს ბოლო კვლევის თანახმად ყოველი მესამე ბავშვი ვერ ახერხებს კვებას სასკოლო პერიოდში, როცა არ არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება საზოგადოებრივ სივრცეებში და უამრავი ადამიანი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, თბილისის მერმა ისეთი ფუფუნების უფლება მისცეს თავს, როგორც 50 ათას ლარიანი ნაგვის ურნებია. ამიტომ, მოვითხოვთ თბილისის მერიამ სასწრაფოდ გადახედოს ტენდერის პირობებს, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ერთ კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, რაც აშკარად მიუთითებს კორუფციულ ინტერესებზე და გაანახევროს გამოყოფილი თანხა. დაზოგილი თანხით კი გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას! იმედი გვაქვს, თბილისის მერია, გაითვალისწინებს ჩვენს ამ ინიციატივას" - ამბობს გიორგი შარაშიძე.
ადგილზე იმყოფება ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძეც.
ჩვენს პრემიერს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მას არ ესიამოვნა საკუთარ სამსახურთან პროტესტი და ხმაური და ჯანდაცვის მინისტრი აიძლა შეხვედროდა მშობლებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე სანამ ბავშები არ მიიღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატს და ჩვენ ვიქნებით მის გევრდით". - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
პრემიერ მინისტრი მის სამსახურთან გამართულ აქციას, მეორე დღეა დუმილით ხვდება.