ღარიბაშვილის სამსახურთან ხმაურია - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ
ამ წუთებში, ხმაურია ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციაზე შემოსაზღვრულ ღობეზე ხელების ბრახუნით და საყვირებით, კიდევ ერთხელ ცდილობენ ხმა გააგონონ მთავრობის მეთაურს.
"დღეს ეს გამწარებული მშობლები ითხოვენ, მათი შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას. ნება იბოძოს პრემიერმა, რომელიც არაფერში ხარჯავს მილიონებს, მოვიდნენ, დაელაპარაკონ ამ მშობლებს და ამ ბავშვების დაუყოვნებლივ შემოიტანონ ეს პრეპარატი ". - ამბობს ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე.
ადგილზე მშობლების მხარდასაჭერად არის მისული ექიმი ვაჯა გაფრინდაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ პრეპარატს უკვე მსოფლიო აღიარება აქვს და შესაძლებელი და დასაშვებია მისი გამოყენება.
მესამე დღეა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ და 12 ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული პრეპარატის დაფინანსებას სთხოვენ ხელისუფლებას, თუმცა მათ ამ თხოვნას ირაკლი ღარიბაშვილი დუმილით პასუხობს.