ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს თბილისის სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა.
მალხაზ პაქსაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ წინუბნიდანაა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეს გრიფი დაადო.
საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულს გამოძებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
მისივე ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ პაქსაშვილი გაერთიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. არსებობს ვიდეომასალაც.
გამოძიების მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია ბრალდებულის ძმებ ტოღოსაშვილებთან კავშირი. ტოღოსაშვილები ნომერ პირველ ტერორისტებად ითლებიან პანკისში. ძმებიდან ერთ-ერთი ცეზარ ტოღოსაშვილ წლებია, ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდის.
დაარღვევს თუ არა დუმილს დაკავებული, ეს 22 ივლისს, შემდეგ სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პაქსაშვილს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.