ყურადღებას არ მაქცევდნენ,მივხვდი, რომ ვკვდებოდი - პოლიციელის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა

15.05.21 20:41
ყურადღებას არ მაქცევდნენ,მივხვდი, რომ ვკვდებოდი - პოლიციელის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა

"მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და უკვე ვკვდებოდი" - ასე იხსენებს 26 წლის პაპუნა ძანძავა 30 აპრილის მოვლენებს, რა დროსაც მას პოლიციელებმა ზურგში ესროლეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა პაპუნა და ბადრი ძანძავებს ოკუპირებული გალიდან  ზუგდიდში კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

შევნიშნე რომ 2 ადამიანი მორბოდა ჩემკენ, დავუძახე რა ხდებათქო, ყვიროდნენ, ერთი მომახტა ხელი გადამიწია, გავიგე რამენჯერმე გასროლის ხმა - ამბობს პაპუნა ძანძავა.

პოლიციელის მიერ ნასროლი ტყვია პაპუნა ძანძავას ზურგში მოხვდა. ძანძავა ამბობს, რომ პოლიციელის მხრიდან ცეცხლის გახსნის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ძანძავა ამბობს, რომ არცერთ მათგანს პოლიციის ფორმა არ ეცვა და არც მოსალოდნელი გასროლის შესახებ გაუფრთხილებიათ.

ვკითხე დაჭრილი ხო არ ვარ-მეთქი, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდნენ. სისხლი რომ დაინახა, იფიქრა რომ უკვე მკვდარი ვიქნებოდი და გაიქცა",  - ამბობს ძანძავა.

პაპუნა ძანძავასთან ერთად პოლიციელებმა ცეცხლი  მამამისს, 50 წლის ბადრი ძანძასაც გაუხსნეს.ბადრი ძანძავას პოლიციამ ფეხში დაჭრა. პაპუნა ძანძავას თქმით, მამამისი პოლიციელებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი  უმოწყალოდ სცემეს.

პაპუნა ძანძავას დედა ამბობს, რომ მას შვილთან მიახლოების საშუალებას 1 საათის განმავლობაში პოლიციელები არ აძლევდნენ. შემდეგ კი ბადრი ძანძავას აიძულებდნენ, ეთქვა, რომ ვითომ იარაღი მას გაუვარდა და საკუთარ შვილს ესროლა.

ოთხივეს ვეხვეწებოდი გამაყვანინე შვილი-თქო, იარაღს მიმიზნებდნენ ახლოს არ მოხვიდეო," - ამბობს ძანძავას დედა.

ტვ პირველის "შაბათის ეთერმა" იმ პირების ვინაობა დაადგინა, ვინც ძანძავებს ესროდნენ  და შემდეგ მტკიცებულებების გაყალბებას შეეცადნენ. ეს პირები იყვნენ თორნიკე გიგაშვილი და ლაშა გაბეჩავა.

პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამართალდამცველებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები