ნუ ითხოვთ დამატებით ფართებს, ეს შეუძლებელია - კალაძე მოსახლეობას

თბილისის მერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კახი კალაძის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც მერიის მიერ ავარიული სახლების ჩანაცვლებითი პროგრამით სარგებლობენ, სანაცვლოდ 20-30 კვ -ით მეტ ფართობს ითხოვენ, რისი გაკეთებაც უწყებას არ შეუძლია.
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მოქალაქეები იმავე ფართის ახალ ბინებს მიიღებენ, რაც მანამდე ჰქონდათ. ამასთან, კალაძე მათ ახალი ბინების მიღებამდე ქირით უზრუნველყოფას ჰპირდება.
„არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს დამატებით ფართებს, მაგალითად, თუ ადამიანი 100 კვ.მ-ში ცხოვრობს, 20-30 კვ.მ-ით მეტ ფართს ითხოვენ. ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს და ეს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის პროექტის განხორციელებას აბრკოლებს.
ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი ფართი და ავარიული შენობა-ნაგებობის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსი აგიშენოთ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დროებით გაგიყვანოთ ქირით, ისე, რომ თქვენ არ მოგიწიოთ არცერთი თეთრის გადახდა. 2 წლის თავზე, როდესაც სამუშაოები დასრულდება, გადმოგეცემათ სრულიად ახალი საცხოვრებელი კორპუსები, გარემონტებული“ - განაცხადა კალაძემ.