სასტიკი მკვლელობა „ლაგუნა ვერესთან" - სასამართლომ ბრალდებულს 13 წელი მიუსაჯა

26.04.23 14:21
სასტიკი მკვლელობა „ლაგუნა ვერესთან" - სასამართლომ ბრალდებულს 13 წელი მიუსაჯა

სასტიკი მკვლელობა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე - სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის პროკურატურა ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, კ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კ.ქ.-მ დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთახში მყოფმა სამმა პირმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირების დროს, კ.მ.-მ და დ.ც.-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, დაპირისპირების ოთახის გარეთ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დ.ც. 2022 წლის 28 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია 14 პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს".- წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

მსგავსი სიახლეები