გასულ წელს ემიგრანტების რიცხვი 25.3%-ით, ხოლო იმიგრანტების რიცხვი 142.9% გაიზარდა
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით მეტია - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტსტის ცნობით, 2022 წელს აღირიცხა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).
ირკვევა, რომ 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8%-ს ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6%-ს.
ახალი კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცია, ხოლო 52% – ქალი.
"სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით".
2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.