სასტიკი ძალადობა ქალზე - რენატა ბეგიაშვილის ქმარი დააკავეს
რენატა ბეგიაშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ახალგაზრდა მოდელის ქმარი დააკავეს - ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.
შალვა იაშვილი 25 აპრილს აიყვენეს.
შოთაძის უწყების ცნობით, "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა".
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს"- აცხადებს პროკურორი ალინა კუკავა.