"შაკოსგან აგრესია არ მახსოვს, ამბობენ, ჩემის შვილის მხრიდან იყო შეურაცხყოფა, მერე შალვამ ფეხსაცმელი ესროლაო" - რენატას მამა
რენატა ბეგიაშვილის მამა ზურა ბეგიაშვილი სასამართლო სხდომაზე შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული შალვა იაშვილს ფაქტობრივად იცავს და ამბობს, რომ შალვა იაშვილის მხრიდან აგრესია არ დაუნახავს.
მეტიც, მისი თქმით, შალვასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მისმა შვილმა დაიწყო.
„მე იქ არ ვყოფილვარ, მისი მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, სულ ყველას დაულევია, რენატა საკმაოდ დამთვრალა. როგორც მეგობრები ამბობენ, რენატას მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ რაღაც ეგეთი, მერე როგორც ვიცი, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა, თუ რაღაც. რენატას ვესაუბრე, ზუსტად არ ახსოვს არაფერი.
ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ, 12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ, რენატა ჩემთან ცხოვრობს, ბავშვიც ჩემთან არის, მათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, მე არ მინახავს, არ შევსწრებივარ. რენატას სახეზე ან ტანზე დაზიანება არ მინახავს. შაკოს 12 წელია, ვიცნობ, ბავშვი 8 წლისაა, არ მახსოვს, სანდრას მამაზე ეთქვას, რომ ხმამაღალი სიტყვა უთხრა, ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარეც, შაკოსგან არც აგრესია დამინახავს და არც სხვა რამე“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შალვა იაშვილთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იაშვილმა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.