აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები აქციისთვის ემზადებიან - საპროტესტო მსვლელობა 3 საათზე დაიწყება

29.04.23 11:47
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედები აქციისთვის ემზადებიან - საპროტესტო მსვლელობა 3 საათზე დაიწყება

დედები აქციისთვის ემზადებიან. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები საპროტესტო მსვლელობას ზუსტად სამ საათზე დაიწყებენ. რკინის ღობით შემოსაზღვრულ სამთავრობო კვარტალიდან პარლამენტამდე მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდა ქალები შვილების გადასარჩენად კიდევ ერთ ხმაურიან აქციას გამართავენ. ზუსტად სამზე შეკრება სოლიდარობის აქციისთვის  დაიწყება ბათუმშიც.

"დღეს მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ვისაც ჩვენზე გული შესტკივათ, 3 საათზე მობრძანდნენ კანცელარიასთან. ეს არის პირდაპირი მესიჯი პრემიერის მიმართ, რომ ვართ ბევრნი, ძალიან ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს და ძალიან ბევრ ადამიანს დაინახავთ აქციაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც იქ აქციას მართავენ და ყველას ძალიან დიდი მადლობას გიხდით. თქვენი ყველას წვლილი იქნება, რომ ჩვენი შვილები დაიწყებენ ამ მედიკამენტით მკურნალობას". - ამბობს მშობელი.