უფასოდ ითხოვდნენ პროდუქტს, ერთ-ერთმა თავში ჩამარტყა - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები დმანისიდან

17.05.21 11:01
უფასოდ ითხოვდნენ პროდუქტს, ერთ-ერთმა თავში ჩამარტყა -  სისხლიანი დაპირისპირების დეტალები დმანისიდან

სისხლიანი დაპირისპირება დმანისიდან - მაღაზიის გამყიდველი ტვ პირველთან ამბობს, რომ ნასვამი ახალგაზრდები სასმელს ითხოვდნენ საფასურის გარეშე. უარის მიღების შემდეგ დაპირისპირება დაიწყო. გამყიდველის თქმით, ისინი მაღაზიიდან მალევე გავიდნენ, თუმცა ნახევარი საათის შემდეგ მობრუნდნენ, მათ  მაღაზიის ტერიტორიაზე ეთნიკურად აზერბაიჯანელები დახვდნენ და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

მოვიდნენ და უფასოდ მთხოვდნენ პროდუქტის მიცემას, ვუთხარი, რომ გამყიდველი ვარ, არ მაქვს უფლება, ამის შემდეგ დამიწყეს დედის გინება და შეურაცხყოფების მიყენება, ერთ-ერთმა თავში ჩამარტყა, შემდეგ გავიდნენ გარეთ და ერთ-ერთმა ჩაარტყა თავში ჩემს მოხუც მამას, მერე წავიდნენ,მოვიდნენ ნახევარ საათში და დაიწყეს ჩხუბი, პოლიცია რომ მოვიდა, ყველა ნაცემი იყო",- ამბობს მაღაზიის გამყიდველი. 

ადგილობრივების თქმით, დმანისში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე ხდება, პოლიცია კი შესაბამის ზომებს არ იღებს.

ქურდებად თვლიან თავს და უფასოდ ითხოვენ პროდუქტს, ახლაც ლუდი უნდოდათ, გამყიდველს ფულს არ აძლევდნენ, მან უარი უთხრა, შემდეგ მოვიდა 60 ადამიანი და სცემეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, აქ არ უნდათ, რომ იცხოვრონ აზერბაიჯანელებმა,"- ამბობს ადგილობრივი.

გუშინ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულია დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, სვანეთიდან ჩასახლებული  ეკომიგრანტები მაღაზიაში ხშირად მიდიოდნენ, პროდუქტებს ე.წ. ნისიად იღებდნენ  და  ფულს არ იხდიდნენ. დღეს კი მაღაზიის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მეპატრონე ახლობლებს დაუკავშირდა და ისინი სვან ეკომიგრანტებს მაღაზიაში დაახვედრა, რის შემდეგაც ადგილზე დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ერთმანეთს უსწორდებოდნენ ე.წ. ბეისბოლის ბიტებით.