ძალადობა გამომძიებელ ჟურნალისტზე - მესამე სექტორი დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

01.05.23 17:39
ძალადობა გამომძიებელ ჟურნალისტზე - მესამე სექტორი დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

ტვ პირველის ჟურნალისტის მაკა ანდრონიკაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები არასამთავროვო სექტორში.

მესამე სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის და თავდასხმის ფაქტებს უნდა მოჰყვეს მყისიერი რეაგირება საგამოძიებო უწყების მხრიდან, რადგან არ გაჩნდეს მოქალაქეებში დაუსჯელობის სინდრომი, თუმცა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, არ აქვთ ობიექტური გამოძიების იმედი.

"გავრცელებულ კადრებში ჩანს დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები, აქედან გამომდინარე ამ ფაქტს სჭირდება გამოძიება. გამოძიება გულისხმობს იმას, რომ სრულყოფილად უნდა იყოს შესწავლილი ყველა გარემოება, მათ შორის უნდა დაიბარონ და დაკითხონ ყველა ის პირი, რომელიც ფიგურირებს ამ ეპიზოდში. უნდა იყოს მკაფიო ნიშანი ყველასთვის, რომ მომავალში უნდა მოხდეს ანალოგიური ქმედებების პრევენცია, ამიტომ ამ საქმის გამოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც ყველა იმ ეპიზოდისა, რომელიც წარსულში მომხდარა და არ არის ჯერჯერობით გამოძიებული, მათ შორის 5 ივლისის საქმეებიც შეგვიძლია გავიხსენოთ" - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ იმასაც, ძალადობის ფაქტებზე, სახელმწიფო პოლიტიკა ძირეულ გადასინჯვას მოითხოვს.

"ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა ძირეულ გადასინჯვას მოითხოვს იმიტომ, რომ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია მედიის ნორმალური ფუნქციონირება და მისთვის უსაფრთხო გარემო. ცხადია ამ შემთხვევაზე, როცა ძალიან მძიმე თავდასხმა მოხდა "ტვ პირველის" ჟურნალისტზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჯეროვნად წარიმართოს მოხდეს ყველა მონაწილე პირის თუ მოწმეების გამოკითხვა და სათანადო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება" - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "ტვ პირველის" ჟურნალისტი 2 საათზე მეტია იმყოფება. მაკა ანდრონიკაშვილი ჩვენებას ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე  მისცემს. საქმე ეხება დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პრემიერის მამის ახლო გარემოცვა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

შეგახსენებთ, რომ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საბაბი  ღარიბაშვილის  გარემოცვისთვის ის დოკუმენტები გახდა, რომელიც "ტვ პირველის"  ჟურნალისტებმა მოიპოვეს.  

მსგავსი სიახლეები