ამბობდა, ჩემი ჯანმრთელობა დავაყენო ფეხზეო - ოჯახს არ სჯერა, რომ 52 წლის კაცი ბირთვული მასალებით ვაჭრობდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 52 წლის ილია ბელქანიას დედა პირველ კომენტარს აკეთებს - ნელი ადამია აცხადებს, რომ დაკავებული ჩხოროწყუდან ხუთშაბათს ფოთში ნათესავების მოსანახულებლად წავიდა.
პოლიციელები როცა მოვიდნენ, მეუღლისთვის უთქვამთ, რომ დაკავებული იყო. მე გადაადგილება მიჭირს, შემოვიდა გამომძიებელი და მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ჩხრეკაზე ვართ მოსულიო. ყველაფერი არეულ-დარეულია, არაფერი არ უნახავთ, არაფერი არ ამოუღიათ. რატომ დააკავეს არ ვიცი. არა მგონია ასეთი რამე ჩემს შვილს ჩაედინა. ასეთს სხვა რომ აკეთებდა, მაგაზე გიჟდებოდა. ამას არ გააკეთებდა. შენს ხალხს ეს როგორ უნდა გაუკეთოო. არა, გამორიცხულია, არ გააკეთებდა. ფოთში ბევრი ნათესავი გვყავს, რაღაცაზე დადიოდა ბავშვი. შშმ პირია ჩემი შვილი, ხერხემლის გამრუდება აქვს, 6-ჯერ ნაოპერაციებია. ამბობდა, ჩემი ჯანმრთელობა დავაყენო ფეხზეო. ჯოხით დადის, ავადმყოფია. ვინმესთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი, არ ვიცი", - უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულის დედამ ნელი ადამიამ.