ჯუთაში მისასვლელი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ჯუთაში მისასვლელი გზის 200-მეტრიან მონაკვეთზე მეწყრული პროცესის განვითარება და გზაზე არსებული რთული მდგომარეობა - ადგილობრივი ნოშრევან არაბული Facebook-ზე არსებული ვითარების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს.
არაბული წერს, რომ ადგილზე გზის მდგომარეობა სერიოზულია და თუ ასე გაგრძელდებაჯუთა გარესამყაროს მოსწყდება.
ადგილობრივი სოფლის მოსახლეობის სახელით ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მმართველობას პრობლემის გადაჭრის თხოვნით მიმართავს.
„ჯუთაში მისასვლელი გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც "გაკეთების" შემდეგ ქვემოთ მიცოცავდა, უკვე გაიქცა... მალე, ალბათ, თან გაიყოლებს გაზის მილსაც და ელგაყვანილობის ბოძებსაც, ჯუთა მოსწყდება სამყაროს, ხალხი დაკარგავს შემოსავლის წყაროს, შეწყდება სატრანსპორტო კომუნიკაცია ჯუთას სასაზღვრო სექტორთან და ა.შ.
სიტუაცია ძალზე სერიოზულია, არაფერს ვაჭარბებ, იქნებ ჯერ კიდევ არაა მთლად უსაშველო, სოფლის მოსახლეობის სახელით მოგმართავთ ყველას, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, მათ შორის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასაც, მიიტანეთ გულთან ჩვენი გასაჭირი, თქვენ - შეგიძლიათ, ჩვენ - გვეიმედებით!“ - წერს ადგილობრივი.