სროლა და შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - დაჭრილი დამირ კირცხალიაა
უმისამართო სროლა და შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - "პირველების" ინფორმაციით, დაჭრილი დამირ კირცხალიაა.
როგორც ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
პოლიცია კი ამ დრომდე ვერ გადის კრიმინალური დაჯგუფების წევრებზე, ვინც თბილისში 54 წლის კაცი დაჭრა.
მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებს, ამ დროისთვის დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილის მეუღლე.
"სროლების ხმა გავიგეთ, მანქანა შეეჯახა უკნიდან ავტობუსს. სახლში ვიყავი, რომ გამოვედი თქვეს, 60 წლამდე მამაკაცს ესროლეს და გაიქცნენო. საავადმყოფოშია ახლა, მეუღლე პოლიციაშია დაკითხვაზე". - ამბობს ადგილობრივი.
კირცხალიას ცეცხლი ფიროსმანის ქუჩაზე ავტომატიდან გაუხსენეს.ხალხით სავსე ქუჩაზე დამნაშავეები შავი ჯიპით მივიდნენ და კაცს 4 უმძიმესი ჭრილობა მიაყენეს. უმისამართო სროლის შედეგად დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორია და რამდენიმე ავტომობილიც. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის დროს დამნაშავეები ავტობუსს შეეჯახნენ, თუმცა გზა გააგრძელეს და მიიმალნენ.
"პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად შურისძიება სახელდება.
მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობით და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.