ჯარში გაწვევა შერჩევით - ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ოცნების" მხარდამჭერები პრივილეგიებით ისარგებლებენ

თავდაცვის ახალი კოდექსი პარლამენტში დაპირისპირების მიზეზია. ოპოზიცია კოდექსის მიმართ კრიტიკულია. „გირჩში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ კანონი ახალგაზრდა ბიჭებზე ზეწოლის ინსტრუმენტი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავის აქტივისტებს ჯარში არ გაიწვევს, სხვა პარტიის აქტივისტებტან მიმართებაში კი, შესაძლოა, მუქარაც გამოიყენოს.
"ქართული ოცნება, რომელიც გაურბის წვრთნებს ნატოსთან, რომელიც არ უხდის ჯარისკაცებს ღირსეულ ხელფასს, რომელიც ფაქტობრივად ომი არ გვინდა, ომი არ გვინდა გვეშინია და ამის ძახილშია ერთ წელიწადზე მეტი ცხადია, რომ არანაირ თავდაცვაზე არ ზრუნავს. თავდაცვის სახელით უნდა მიიღონ კანონი, რომელიც იქნება ახალგაზრდა ბიჭებზე ზეწოლის ინსტრუმენტი. პოლიტიკური წინასაარჩევნო და თავისი აქტივისტები არ გაიწვიონ ჯარში და სხვა პარტიის აქტივისტი გაიწვიონ ან დაემუქრნენ და ა.შ. ეს არის მთელი ამ კანონის ისტორია. თან ვისაც არ აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს მაგისტრატურაში სწავლა ან ბაკალავრიატში ჩააბაროს, ეს ხალხი აღმოჩნდება იმ ფაქტის წინაშე, რომ ძალით წაიყვანენ" - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
„ენმ“-ს წევრი დევი ჭანკოტაძე "ქართული ოცნების" მხრიდან შესაძლო ახალი კორუფციულ გზებზე გაკეთებაზე საუბრობს.
"საქართველოს ჯარში ზოგი ნაწილი ხდება პრივილეგიით აღჭურვილი, ზოგი ნაწილი პირიქით, შესაბამისად ხდება ქართული ჯარის დაკნინება, შესაბამისად იქმნება ახალი კორუფციის გზების გაკეთება და ა.შ." - ამბობს „ენმ“-ს წევრი დევი ჭანკოტაძე.
კანონპროექტის მიხედვით, წვევამდელებს ჯარში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს. სამხედრო სამსახურის თავის არიდების სივრცეს კი, ეს ცვლილებები აღარ ტოვებს. თავდაცვის კოდექსს მხარს არ უჭერს ოპოზიციის დიდი ნაწილი და მას ყველაზე მეტად პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ აკრიტიკებს.