უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თალაკანძის დასახსნელად ყველაფერს ვაკეთებთ - სუსი

05.05.23 21:27
უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თალაკანძის დასახსნელად ყველაფერს ვაკეთებთ - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თალაკანძის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, თალაკნაძე აბსურდული და გამოგონილი ბრალდებების საფუძველზეა დაკავებული და მის გამოსახსნელად ყველაფერს აკეთებენ. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით  უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.
ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.           
ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას, - ნათქვამია სუს-ის განცხაებაში

შეგახსენებთ, რომ  ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს დღეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.