ახალი სასახლეები მინისტრის ძმას - სახელმწიფოს კუთვნილი მიწა ლევან დავითაშვილის ძმას 8$-ად მისცეს
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - როგორ ჩაიგდო ხელში 8500 კვადრატული მეტრი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ოჯახმა?
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები დგინდება, რომ ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ძმას, დავით დავითაშვილს საგურამოში კვადრატული მეტრი მიწა რვა დოლარად გადაუფორმეს.
- ირკვევა, რომ 2019 წლის 4 ივნისს ქონების მართვის სააგენტომ საგურამოში სახელმწიფოს კუთვნილი 11 ათას 610 კვადრატული მეტრი, ხალხის კუთვნილი მიწა ნაწილებად დაყო, 2500 კვადრატულ მეტრს სტატუსი შეუცვალა, რომ იქ მშენებლობა ყოფილიყო შესაძლებელი და გაყიდვა გადაწყვიტა. გვერდით მდებარე 6000 კვადრატული მეტრი მიწა სახნავ-სათესად დატოვა და აუქციონზე იჯარით გამოტანა. ტერიტორიების დანაწევრებიდან სამ კვირაში, აუქციონი ცხადდება და 2500 კვადრატულ მეტრ მიწას 100 ათას ლარად ეკონომიკის მინისტრის ძმა დავით დავითაშვილი ყიდულობს.
- ოფიციალურად დგინდება, რომ დავით დავითაშვილმა სახელმწიფოსგან 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია აუქციონზე კვადრატული 40 ლარად იყიდა. გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი კი თვეში 30 ლარად იჯარით აიღო. მიწის ქირაობიდან ერთ წელიწადში, ისევ ქონების მართვის სააგენტო ხვნა თესვისთვის გაჭირვებულ მიწას, ვიცე პრემიერის ძმაზე აუქციონის გვერდის ავლით პირდაპირ ყიდის - ამ შემთხვევაში ერთ კვადრატულ მეტრს 26 ლარად.
უფრო კონკრეტულად: ჯერ 6000 კვადრატული ხვნა-თესვისთვის სახელმწიფომ დავით დავითაშვილს მიაქირავა თვეში 30 ლარად, მერე გამოვიდა მთავრობის განკარგულება, რომ, ვისაც მთავრობისგან მიწა აქვს ნაქირავები შეუძლია, ფასდაკლებით იყიდოს და შემდეგ მინისტრის ძმამ საგურამოში მიწა კვადრატული რვა დოლარად შეიძინა?!
დავით დავითაშვილი 2500 კვადრატულ მეტრ მიწაზე გიგანტურ სახლებს აშენებს, ხოლო ტერიტორია, რომელიც მინისტრის ძმას 30 ლარად ხვნა-თესვისთვის გადაეცა ბეტონის ჯებირებითაა შემორაგული.
"შაბათის ეთერმა" ასევე აღმოაჩინა, რომ ვიცე პრემიერის ძმის მსგავსად სახელმწიფოს კუთვნილი ქონება დავით დავითაშვილის მეზობლად საგურამოში სატყეო სააგენტოს მაშინდელი უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილის ძმამ, გიორგი ნიკოლეიშვილმა შეიძინა. არჩილ ნიკოლეიშვილი ის ჩინოვნიკია, რომელმაც ბაკურიანის ტყის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს ნახევარი საუკუნით გადასცა.
როგორ ჩაიგო ხელში 30 ლარად მიწა მინისტრის ოჯახის წევრმა - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი