"ძალიან მძიმე მდგომარეობაა" - დეა მეტრეველმა ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი მოინახულა

07.05.23 16:11
"ძალიან მძიმე მდგომარეობაა" - დეა მეტრეველმა ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი მოინახულა

ივანე ჯავახიშვილის დაზიანებული სახლმუზეუმის მდგომარეობა დღეს პირადად "ლელოს" წევრმა დეა მეტრეველმა ნახა. ოპოზიციის წევრი  სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის შთამომავალთან ერთად ჩავიდა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მუზეუმი, სადაც  ქართველი მეცნიერის ნაშრომები, არქეოლოგიური ნივთები, სამოსი, რუკები და ფოტომასალაა დაცული, ხელისუფლების გულგრილობას და არაკომპეტენტურობას ეწირება.
 

2020 წელს ვიყავით და მოვინახულეთ მუზეუმი, სადაც უმძიმესი მდგომარეობა დაგვხვდა და ვერაფრით წარმომედგინა, რომ  3 წლის თავზე იგივე პრობლემა კიდევ უფრო დამძიმებული სახით დაგვხვდებოდა. იმ დონემდეა ავარიულ მდგომარეობამდე მიყვანილი, რომ საშიშია უკვე დამთვალიერებლებისთვისაც. თქვენ ნახეთ ბზარები, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია შენობის მარცხენა კედელი, ექსპოზიცია არის გასაახლებელი და ძალიან გულასაწყვეტია, რომ აღებ მუზეუმის კარს და გხვდება მოძველებული ექსპოზიცია, დაზიანებული და განადგურებული მუზეუმის შენობის ოთახები, - ამბობს მეტრეველი. 

ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. შენობა დაბზარულია, ქვები ცვივა და აივანი ინგრევა. ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად კულტურის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.  მინისტრს სოფელ ხოვლეში დაზიანებების შესასწავლად  სპეციალისტებიც კი არ გაუგზავნია.

 

მსგავსი სიახლეები