კურიერები იღებდნენ და ბლოკავდნენ რესტორნების შეკვეთებს - Glovo განცხადებას ავრცელებს

17.05.21 19:37
კურიერები იღებდნენ და ბლოკავდნენ რესტორნების შეკვეთებს - Glovo  განცხადებას ავრცელებს

Glovo კურიერების ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციამ ისინი აპლიკაციიდან დაბლოკა და უმუშევრად დატოვა. Glovo-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომელთა ნაწილი აპლიკაციას ბოროტად იყენებდა.

Glovo-მ, პარტნიორი კურიერები, მაქსიმალური უსაფრთხოებისა და საბონუსე სისტემის სამართლიანად გადანაწილებისთვის, ანაზღაურების ახალ სისტემაზე გადაიყვანა, რომელიც ყოველკვირეული ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანას, მაქსიმალური სამუშაო საათების შემცირებას, საბაზისო ანაზღაურების ზრდასა და მანძილის ანაზღაურების ცვლილებას გულისხმობს. 

მოცემულმა ცვლილებებმა პარტნიორი კურიერების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც დღევანდელი საპროტესტო აქციის დროს აგრესიულად ესხმოდნენ თავს სხვა პარტნიორ კურიერებს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კომპანიისთვის სრულიად მიუღებელი ფაქტია. 

ასევე გამოვლინდა აპლიკაციის ბოროტად გამოყენების ფაქტები, პარტნიორი კურიერები იღებდნენ და შემდეგ ბლოკავდნენ რესტორნების შეკვეთებს. მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას კვების ობიექტები მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით მუშაობენ, შესაბამისად, ამ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო საკმაოდ დაზარალდნენ რესტორნებიც და მომხმარებლებიც. 

Glovo ბოდიშს უხდის მომხმარებლებსა და პარტნიორ რესტორნებს შექმნილი სიტუაციისთვის, მიღებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს, ხოლო იმ კურიერებს, რომლებიც მსგავს არაკეთილსინდისიერ საქციელში და ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იყვნენ შემჩნეული, დროებით უჩერებს აპლიკაციასთან წვდომას, რადგან ისინი ამას არა სამუშაოდ, არამედ კომპანიის საქმიანობაში ხელის შესაშლელად იყენებენ. 

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები, რომლებიც გლოვერების სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, 24 მაისიდან შევა ძალაში." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "გლოვოს" კურიერები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან და აქციებს მართავენ.