ქოლცენტრების მილიარდიანი სქემა ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა - დაუშვილი

10.05.23 11:46
ქოლცენტრების მილიარდიანი სქემა ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა - დაუშვილი

გიორგი გახარიას გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ქოლცენტრების სქემა ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. მიხეილ დაუშვილის თქმით, მილიარდიან სქემასთან დაკავშირებით BBC-მ გამოძიებას გაცილებით მეტი ინფორმაციას მიაწოდა, ვიდრე ეს 3 წლის განმავლობაში პროკურატურამ შეძლო. 

უბრალოდ, წარმოუდგენელია ამხელა მილიარდიანია სქემა განეხორციელებინა ნებისმიერს, იქნებოდა ეს კეზერაშვილი თუ ვინმე სხვა ისე, რომ ამის შესახებ არაფერი სცოდნოდათ სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებს და შეუძლებელია მათი რაიმე ფორმით მონაწილეობის, უმოქმედობის ან მოქმედების გარეშე ამხელა სქემა განხორციელებულიყო.  BBC-ის გამოძიებამ გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, ვიდრე 3 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებამ პროკურატურაში, - ამბობს დაუშვილი. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი აცხადებს, რომ ქოლცენტრების საქმეში კეზერაშვილი და "ოცნება" ერთად მოქმედებდნენ. ექსპრემიერის თქმით, ახლა მხარეები ურთიერთბრალდებებით მოპარული ფულის დაცვას ცდილობენ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ საბოლოოდ, ამ თაღლითობის ფასის გადახდა საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ. 

 

მსგავსი სიახლეები