“ბოლო ზარზე” შეზღუდვა დაწესდა - არ იქნება ბანკეტები და ექსკურსიები

18.05.21 11:13
“ბოლო ზარზე” შეზღუდვა დაწესდა - არ იქნება ბანკეტები და ექსკურსიები

„ბოლო ზარი – 2021“ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება - განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს: 

უწყების ცნობით, სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გადაუგზავნა.

რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა"- წერია განცხადებაში.