დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინგრევა
დუშეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინგრევა. ყველაზე მძიმე ვითარება მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ჭილაშვილების სასახლეშია. დაბზარული კედლები, ჩამოშლილი სახურავი და დაზიანებული არტეფაქტები - ადგილზე, წესით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ტარდებოდეს. მსოფლიო ბანკმა 5 ძეგლის აღსადგენად 5 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ერთი ძეგლის აღდგენა განხორციელდა. დანარჩენი ძეგლები კი კატასტროფულ მდგომარეობაშია.
მუზეუმის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბევრჯერ სთხოვეს ხელისუფლებას, ერთი კონტეინერი მაინც დაედგათ მუზეუმის ეზოში, რათა არტეფაქტები მუზეუმიდან უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ, თუმცა ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღეს.
"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნადგურდება. მასთან ერთად ნადგურდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ძირფასი კოლექცია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ეპოქის არტეფატქტებს. ასევე ქრება და ნადგურდება ის იდეა და მნიშვნელობა, რომელიც ზოგადად მუზეუმს გააჩნია". - ამბობს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია.
ახლა ყველა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, სწორედ ამის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი ექვემდებარება თუ არა შენობა აღდგენას.