"მოსამართლე კლანის წევრია" - მარტის აქციებზე დაკავებულის ადვოკატი
რუსული კანონის გაპროტესტების გამო, ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე დანიშნული მოსამართლ, რომეო ტყეშელაშვილი კლანის წევრია. ადვოკატმა აღნიშნული სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე გააკეთა.
"დღეს სასამართლო პროცესზე დაინიშნა კლანის წევრი, რომელიც არის განწყობილი და მისი განცხადებები შეესაბამება კლანის სიტყვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაცვის მხარე სრულიად არ ვენდობით აღნიშნულ მოსამართლეს და სასამართლოზე დავაყენებთ მისი აცილების შუამდგომლობას" - თქვა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.
აკოფაშვილი ამბობს, რომ ამ მოსამართლის დანიშვნა დასტურია, რომ სისტემა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მუშაობს.
"აქციის ხალხი, ადამიანები ვიდექით სწორ მხარეს და ეს მოსამართლე, რომელიც მე დამენიშნა ზუსტად სწორი დადასტურებაა იმის, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით და კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ ყველაფრით ეს მოსამართლეები და ზოგადად ეს სისტემა, რომ ისინი მუშაობენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და არა დამოუკიდებლად და დაველოდოთ, როგორ განვითარდება" - ამბობს მარტის აქციების მონაწილე, თორნიკე აკოფაშვილი.
ცნობილია, რომ მარტის აქციებზე დაკავებულ თორნიკე აკოფაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
თორნიკე აკოფაშვილი ის ახალგაზრდაა, რომელიც მარტის აქციების დროს ლაზარესთან ერთად დააკავეს. დაცვის მხარე სასამართლოზე დღეს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის აცილებას მოითხოვენ.