ქოლცენტრების სკანდალი გრძელდება - გიორგი ვაშაძე თაღლითურ სქემაში "ოცნების" დეპუტატს ამხელს
გიორგი ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" ქოლ-ცენტრების სკანდალი შემოუტრიალა. დეპუტატი ამტკიცებს,რომ თაღლითური სქემის კვალი მმართველ პარტიამდე მიდის. ვაშაძემ დანაშაულებრივი ბიზნესის ფლობაში "ოცნების" წევრი ისკო დასენი და მისი შვილები ამხილა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამტკიცებს, რომ მიხეილ არახამიას ცოლი იმ კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც ისკო დასენის შვილის პარტნიორებთან თანამშრომლობს. ამ კავშირებზე დაყრდნობით ვაშაძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სუსმა ოპერატიული ლეგენდა დაგეგმა, სინამდვილეში კი თაღლითურ სქემას ხელისუფლება მფარველობს.
ვიდრე ვაშაძე მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ევროპელ სამართალდამცველებს გადაუგზავნის, დამნაშავეების დასჯას ბრალდებების ადრესატი აანონსებს. ისკო დასენმა ვაშაძის საპასუხოდ ვრცელი წერილი გაავრცელა და თქვა, რომ ყველაფერი ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კეზერაშვილისა და საკუთარი თავის გადასარჩენად მოიგონა. ვაშაძე პანიკაშია და ახლა ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს, -ამბობს ოცნების წევრი.
ყველაფერი ახლა გერმანელმა სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, რომლებსაც კითხვები საქართველოს ხელისუფლებასთანაც ექნებათ.
ვრცლა ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.