საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს - ომბუდსმენი

17.05.23 11:15
საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს - ომბუდსმენი

 საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს -  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენმა განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას. 

სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.

სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები. 

შესაბამისად, სახალხო დამცველი  აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს"- წერია განცხადებაში.