რუსთავში ქირით ცხოვრობდნენ, ასაფეთქებელი და იარაღები უპოვეს - ახალი დეტალები ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ
ანტიტერორისტული ოპერაცია საქართველოში - "პირველების" ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული, საქართველოს 6 მოქალაქიდან 3 რუსთავში დააკავეს.
ირკვევა, რომ თოდრიას ქუჩაზე სამართალდამცავები გამთენიის სამ საათზე შევიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათ ადგილიდან ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება ამოიღეს.
როგორც ადგილობრივებმა "პირველებს" განუცხადეს, სამივე დაკავებული კორპუსში რამდენიმე თვის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. მათი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერის ბრალდებით დაკავებულები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.
"პირველების" გადამღებ ჯგუფს ერთ-ერთ მისამართზე დაკავებულის ცოლი დახვდა, თუმცა მან ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა.
დიდი ხანია აქ ცხოვრობენ, ასაფეთქებელი და იარაღები ამოიღეს"- აცხადებს დაკავებულების მეზობელი.
მძიმე დანანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ 6 პირის აყვანამდე პოლიციამ თურქეთის მოქალაქე აიყვანა, რომელიც საემიგრაციო განყოფილებაშია მოთავსებული.
რაც შეეხებათ დანარჩენებს, მათ ბრალს მას შემდეგ წაუყენებენ, რაც იზოლატორში თარჯიმანს მიიყვანენ.
ექვსივე ეთნიკურად აზერბაიჯანელია, საქართველოს მოქალაქეები. ერთი არის მანამდე დაკავებული - მიგრაციაშია, თურქეთის მოქალაქეა და იქ უნდა წაუყენონ ბრალი. ველოდები გამომძიებელს, ბრალები უნდა წაუყენონ, ეგენი ენის არმცოდნეები არიან, თარჯიმნები სჭირდებათ, მოდულში უნდა მოხდეს 6-ზე ბრალის წარდგენა და ერთზე უნდა მოხდეს მიგრაციის დეპარტამენტში, თურქეთის მიგრაციაში" - ამბობს ადვოკატი, იოსებ ნატროშვილი.