სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - "დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი"

18.05.23 11:15
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - "დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი"

მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. 

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან  ქალები და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება საპოლიციო ღონისძიება. დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამ ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია ვიდეო და აუდიო ფაილებში და დევს საქმეში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

"პირველების" ინფორმაციით,  ფონიჭალაში 6 პირი დააკავეს. თავისუფლების ქუჩიდან კი ერთი ოჯახის ორი წევრი, 25 წლის ახალგაზრდები აიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები