დედას ჩააკვდა ხელში - გორში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს
გორში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ოჯახი კლინიკის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს - მოზარდის ბებია "პირველებს" უყვება, რომ ბავშვი გორიდან თბილისში გადაჰყავდათ, როდესაც მას გული გაუჩერდა და დედას ხელებში ჩააკვდა.
მოზარდის ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა:
"ექიმს ვეუბნები, ბავშვი ცუდადაა, ან გადასხმა გაუკეთე ან რამე, მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოო, რა დროს ეს არის, ბავშვი კვდებათქო. მაშინ, თბილისიდან გამოვიძახოთ სასწრაფოო, ვუთხარი, ჩამოგვისწრებსთქო - ჯერ მაინც საბუთებია შესავსებიო და მერე დავურეკოთო.
დრო აღარ იყო, დავავლეთ ბავშვს ხელი და წამოვიყვანეთ თბილისისკენ. არაფერი უთქვამთ, ისიც კი მოდი, პირველად დახმარებას აქ აღმოვუჩენთო. 5-10 წუთი დავკარგეთ. თბილისში, საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, როცა გონება დაკარგა. პატრული დაგვეხმარა, გადმოვიდა, დაავლო ხელი, პატრულის მანქანაში გადაიყვანა, კლინიკაში შეიყვანა, თუმცა ბავშვს გული ჰქონდა გაჩერებული"- აცხადებს გარდაცვლილის ბებია.
გარდაცვლილის დეიდა კი აღნიშნავს, რომ პაციენტი "გორმედში" გულგრილად მიიღეს. 4 წლის ბავშვის ნათესავი ადასტურებს, რომ მოზარდს სახლის პირობებში მკურნალობდნენ, თუმცა იქვე ამბობს, რომ პროცესს ექიმი მეთვალყურეობდა.
როგორც ყოველთვის "გორმედში" გულგრილად მიიღეს, წავედით თბილისში, თუმცა კლინიკამდე ვერ მივასწრით. დედას ჩააკვდა ხელებში. სახლის პირობებში ვმკურნალობდით, თუმცა ექიმის მეთვალყურეობით.
გვეუბნებოდნენ, ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ვერ გავუკეთებთო. ხომ შეიძლება, მისაღებში ან ჰოლში გაუკეთო გადასხმა, თუ გულგრილი არ ხარ?
"გორმედში" აცხადებენ, რომ მშობლებმა ბავშვი ამბულატორიული მომსახურების მიღების მიზნით მიიყვანეს, თუმცა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა თვითნებურად გადაწყვიტეს.