ოჯახს სტაციონარში მოთავსება შევთავაზეთ, თუმცა მშობლებმა უარი თქვეს - კლინიკის პირველი კომენტარი ბავშვის გარდაცვალებაზე

18.05.23 13:39
ოჯახს სტაციონარში მოთავსება შევთავაზეთ, თუმცა მშობლებმა უარი თქვეს - კლინიკის პირველი კომენტარი ბავშვის გარდაცვალებაზე

კლინიკა, რომელსაც გარდაცვლილი 4 წლის მოზარდის  ოჯახი გულგრილობაში ადანაშაულებს, "პირველებთან" პირველ განმარტებას აკეთებს. 

"გორმედის" პედიატრიული განყოფილების უფროსი, ლია ლაზარაძე ამტკიცებს, რომ პაციენტის ოჯახს სტაციონარში მოთავსება შესთავაზეს, თუმცა ბავშვის მშობლებმა კლინიკა თვითნებურად დატოვეს. 

რაც შეეხება ექიმების შესაძლო პასხისგებაში მიცემის ფაქტს, "გორმედში" ამბობენ, რომ საკითხს შესაბამისი ექსპერტიზა იკვლევს. 

"პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვხატო და თანაგრძნობა ოჯახის მიმართ მომხდარის გამო. მომხდართან დაკავშირებით გეტყვით, რომ 4 წლის პაციენტი კლინიკის მიმღებ განყოფილებაში შემოვიდა 17 მაისს 03:50 საათზე მორიგე ექიმის მიერ დასმულ იქნა დიაგნოზი - ჩუტყვავილა. შეთავაზებულ იქნა პაციენტის მოთავსება სტაციონარში შემდგომი მკურნალობის და გამოკვლევისთვის, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი და თვითნებურად დატოვეს კლინიკა. როგორც გადმომცა მორიგე მედ-პერსონალმა ეს პროცედურა იყო 5-10 წუთამდე, დაახლოებით ამ პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი.

მან ნახა ბავშვი, დიაგნოზის ვერიფიცირება მოახდინა, შესთავაზა მოთავსება სტაციონარში მკურნალობა და ა.შ. კლინიკას რისი შეთავაზებაც შეეძლო შესთავაზა, რაზეც განაცხადეს უარი მშობლებმა.

არ დაყოვნდა კლინიკაში პაციენტი, არ გაჩერდა ეს მისი უფლებაა" - ამბობს კლინიკის მედიკოსი.

გორში, 4 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილა გახდა - ინფორმაციას გორის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.