ტერორისტული აქტები სამლოცველოშიც იგეგმებოდა? - ახალი დეტალები ტერორიზმის საქმეში

საიდან იგეგებოდა მსოფლიოს დედაქალაქებში ტერაქტის მოწყობა? - ქართველი ტერორისტების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ორუჯ მამედოვი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ ქალაქ რუსთავში, კონსპირაციულ ბინაში აიყვანეს, ახლო კავშირში იყო იმ თურქეთის მოქალაქესთან, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა და რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ლიდერია იმ ტერორისტული ორგანიზაციის, რომელთან გაერთიანებასაც ედავებიან ახლა საქართველოს 6 მოქალაქეს.
ირკვევა, რომ მამედოვი ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის წინამძღოლია და სწორედ აქედან გამომდინარე ჰქონდა სხვა დაკავებულებთან კავშირი. არსებობს ეჭვი, რომ ტერორისტული აქტები სამლოცველოშიც იგეგმებოდა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ის ამბობს, რომ არანაირი შეხება არც იმ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არც იმ ორ ყუმბარასთან, რომელიც თითქოს მის სახლში აღმოაჩინეს, არ ჰქონია. და ბუნებრივია, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოვითხოვთ. ის ამბობს რომ ხელყუმბარა ჩადეს. თვითონ ეს თურქეთის მოქალაქე რამდენიმე თვეა რაც საქართველოშია. მასთან მიდიოდა სამლოცველოში, ლოცულობდა, როგორც სხვები,"- აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხებათ სხვა დაკავებულებს - არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, იყენებენ დუმილის უფლებას, ხოლო ადვოკატები სასამართლოს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.
პროკურორი მაია სილაგაძე კი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, შვიდივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შესაფარდებლად.
"ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, არის ელექტრონული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და, ასევე, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შვიდივე ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული და, შესაბამისად, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარემ წარადგინა შუამდგომლობა, რომ შვიდივე მათგანს შეეფარდოს პატიმრობა. მასალებით დგინდება, რომ შვიდივე პირი აპირებდა სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების განხორციელებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც. სხვა ინფორმაციას, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის გრიფით საიდუმლო, ამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,"-აცხადებს პროკურორი.