"16-ში გავსინჯე, დამძიმებისკენ რომ ყოფილიყო, როგორ გავუშვებდი ბინაზე" - გორში გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი
გორში გარდაცვლილი 4 წლის მოზარდის მკურნალი ექიმი, პირველ განმარტებას აკეთებს. ნანა ნინიაშვილი ამტკიცებს, რომ ჩუტყვავილათი ინფიცირებული ბავშის მდფგომარეობა კვირა დღის ჩათვლით სტაბილური იყო. მისი თქმით, მოზარდი პირადად 16 მაისს გასინჯა, ის იმყოფებოდა გაუმჯობესებულ მდგომარეობაში და გამონაყარიც ალაგების პროცესში იყო.
გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი ნანა ნინიაშვილი ფიქრობს, რომ მოხდა გართულება, და მეორე ტალღად განვითარდა ჩუტყვავილას მძიმე შეტევა.
საღამოს, კვირას დამიკავშირდა ტელეფონით, რჩევა მკითხა, მე დავიბარე კონსულტაციაზე და 16-ში დილის საათებში მოიყვანა ბავშვი. დამძიმებისკენ, რომ ყოფილიყო როგორ გავუშვებდი ბინაზე, დედის გადმოცემით გაუმჯობესებულ მდგომარეობაში იყო და თვითონ გამონაყარიც ალაგების პროცესში იყო, თუმცაღა გამონაყარი იყო ძალიან ჭარბი.
არსებობს ასეთი აგრესიული მეორე ტალღით წამოსვლა დაავადებისა, როდესაც ხდება შინაგან ორგანოებში იგივე გამონაყარის წამოსვლა, როგორც არის გარეგნულად ანუ კანზე, ეს იწვევს შემდეგ სეპტიურ შოკს. მე ვფიქრობ, რომ მოხდა გართულება, მეორე ტალღად განვითარდა ეს ჩუტყვავილას შეტევა. მე გავსინჯე ბავშვი, ფილტვებზე მოვუსმინე, სუნთქვა ნორმალური იყო, გულისცემა ნორმალური იყო, ბავშვი ადეკვატური იყო, აქტიური იყო, აბა სხვანაირად სახლში, როგორ გავუშვებდი" - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მკურნალი ექიმი ნანა ნინიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გორში, 4 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილა გახდა - ინფორმაციას გორის საზოგადოებირვი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
ბავშვის ოჯახი ამტკიცებს, რომ გორში ექიმები საკუთარ საქმეს გულგრილად მოეკიდნენ, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. თავის მართლების რეჟიმშია კლინიკა "გორმედი". მოზარდის მკურნალი ექიმი ამტკიცებს, რომ კვირა დღის ჩათვლით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილური იყო.