სკოლის მოსწავლეზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით ავტობუსის მძღოლი დააკავეს
დაკავებულია ავტობუსის მძღოლი, რომელიც სკოლის მოსწავლეს, სავარაუდოდ სექსუალურად ავიწროვებდა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავარაუდო მოძალადეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მძიმე ამბავი, იმერეთის ერთ-ერთ სოფლეში მოხდა. სავარაუდო ძალადობის ამსახველი კადრები არასრულწლოვანმა გოგონამ თავად გადაიღო და გაავრცელა. სავარაუდო მოძალადე სოფლის სკოლის დირექტორის ქმარია.