იყო ჩხუბი, გინება, შეხლა-შემოხლა - ახალი დეტალები პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირიპირებაზე

19.05.21 11:15
იყო ჩხუბი, გინება, შეხლა-შემოხლა - ახალი დეტალები პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირიპირებაზე

დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ქუთაისში - შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკურ ანგარიშსწორებას უარჰყოფს. გომელაურის უწყება ირწმუნება, რომ დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ორი პირი ადგილზე დააკავეს. 

საპირისპიროს ამტკიცებენ თვითმხილველები, რომლებიც "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ხელჩართულ ჩხუბს. 

სამსახურიდან ვბრუნდებოდი, როცა მესხიშვილის თეატრის უკან შევესწარი ინციდენტს, პატრულის ეკიპაჟი რამდენიმე ადამიანს აკავებდა. იყო საშინელი ჩხუბისა და ყვირილის ხმა. ქალბატონები ითხოვდნენ განმარტებას, რატომ აკავებდნენ, მათთან ერთად მყოფ ბიჭებს. პატრულის ეკიპაჟი ძალის გადამეტებით გამოირჩეოდა. არ უხსნიდა, რის გამო აკავებდა დაპირისპირებულებს, რის შემდეგაც განხორციელდა შეტევა საპატრულო პოლიციაზე. როგორც ვიცი, დაზიანდა საპატრულო პოლიციის მანქანაც"- აცხადებს თვითმხილველი.

ადგილობრივი ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის, ინფორმაციით, დაპირისპირება პოლიციელებსა და ბოშებს შორის მოხდა: 

ბოშებთან მოუვიდა საპატრულო პოლიციას, მე ასე ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობაზე შეხლა-შემოხლა. შემდეგ ესენი (ბოშები) შემოესივნენ. იყო ბრაგუნი, ჩხუბი, გინება, შეხლა-შემოხლა. დამატებითი ეკიპაჟები იქნა გამოძახებული. საპატრულო პოლიციის უფროსიც აქ იმყოფებოდა"- თქვა ჩივაძემ.