5 მლნ სახელფასო დანამატებისთვის - თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური დარღვევები აღმოაჩინეს
თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური დარღვევებია აღმოჩენილი. გრიფით საიდუმლო ბრძანებით 233 თანამშრომელზე 5 მილიონზე მეტი სახელფასო დანამატია გაცემული. სამინისტრო ვერ ასაბუთებს, ვის და რისთვის მისცა 5 მლნ ჯილდოდ.
დარღვევები თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ 83-მა თანამშრომელმა ფული ზედმეტად შესრულებული სამუშაოსთვის მიიღო, თუმცა დოკუმენტებით დგინდება, რომ სავარაუდოდ, ამ ადამიანებისთვის თანხები იქამდე იყო განსაზღვრული, ვიდრე სამუშაოს შეასრულებდნენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ გაუმჭვირვალობის პრობლემა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში არ არის. "ლელოს" წევრის საბა ბუაძის თქმით, "ქართული ოცნება" არაკეთილსინდისიერი გზებით ახალისებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ უკიდურესად გაუმჭვირვალეა დანამატების და პრემიების გაცემა თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შსს-ში და ეს ხდება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ჩვენ ხარჯზე უსინდისო და არაკეთილსინდისიერი ფორმით წაახალისოს ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად და ხშირად ასრულებენ მათ პოლიტიკურ დავალებებს. როდესაც პრემიის ან დანამატის გაცემა ხდება გრიფით საიდუმლო განკარგულებების მეშვეობით, აცუილებელია, რომ გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, - ამბოლბს საბა ბუაძე.