ტრეფიკინგის საქმე - ჩინეთის მოქალაქე განსასჯელის სკამზეა
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, თუმცა ვინაიდან საქმე სენსიტიურია და ეხება სექსუალურ დანაშაულს, მოსამართლემ სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ადვოკატი ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს გირაოს სახით 10 000 ლარს შესთავაზებს.
საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები იმისა, რომ მაგას შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიება. თუკი მაინც უნდა იმსჯელოს სასამართლომ, ალბათ ალტერნატივის სახით შევთავაზებ გირაოს 10 000 ლარის ოდენობით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად ბრალს არ აღიარებს" - ამბობს ადვოკატი, ელისი დათუსანი.
"პირველებს" ზესტაფონში უყვებიან, რომ ჩინეთის მოქალაქე, რომელმაც ტაილანდელი ქალები საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, ავტობანის მშენებლობაზეც მუშაობდა.
მე ვიცოდი, რომ ავტობანზე მუშაობდა. სადღაც რესტორანს ხსნიდა. ოთხნი-ხუთნი მაინც იყვნენ, გამოდიოდნენ ხოლმე ჭიშკრიდან, ქალბატონიც იყო, ხან ერთი მიდიოდნენ ხან ორი მიყვებოდა, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ჩინეთის მოქალაქემ ტაილანდის მოქალაქეები საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, პასპორტები წაართვა და ადგილობრივი მამაკაცებისთვის ინტიმური მომსახურების გაწევას აიძულებდა. სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მარტო არ მოქმედებდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.