ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ჩინეთის მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

22.05.23 15:27
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ჩინეთის მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ჩინეთის მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ჩინეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.  ადვოკატი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის გასაჩივრებას აპირებს.

ინტერესები დამცველი ამტკიცებს, რომ გამოძიებას არცერთი მტკიცებულება არ აქვს, რომ ჩინეთის მოქალაქემ საქართველოში ჩამოყვანილ ტაილანდელ ქალებს პასპორტები წაართვა და ადგილობრივი მამაკაცებისთვის ინტიმური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

"შუამდგომლობა იყო, რომ საქმეში არ არსებული მტკიცებულებების გამო საერთოდ უნდა დარჩენილიყო აღმკვეთი ღონისძიების გარეშე. არანაირი გამამტყუნებელი მტკიცებულებები ისეთი, რომ საქმეში იყოს არ არსებობს. შეხვდი რამდენჯერმე პროცესამდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას" - ამბობს ადვოკატი, ელისი დათუსანი.

პროკურორის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ჩინეთის მოქალაქეს განუსაზღვრა პატიმრობა

"საქართველოს პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებით სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებითი, ასევე ფორმალური საპროცესო საფუძვლები, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა" - ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ჩინეთის მოქალაქემ ტაილანდის მოქალაქეები საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, პასპორტები წაართვა და ადგილობრივი მამაკაცებისთვის ინტიმური მომსახურების გაწევას აიძულებდა. სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მარტო არ მოქმედებდა, ამიტომ არ არის გამორიცხული,  ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები