ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები ძმები არიან - ოჯახი "პირველებთან" ალაპარაკდა

23.05.23 15:34
ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები ძმები არიან - ოჯახი "პირველებთან" ალაპარაკდა

ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს - მარნეულში კი ამტკიცებენ, რომ 54 წლის შოთა ლორია განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ გაქცეულმა დამნაშავემ მოკლა და არა იმ 22 და 18 წლის ახალგაზრდებმა, რომლებიც ახლა პოლიციას იზოლატორში ჰყავს მოთავსებული.

ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის "პირველებს" ეუბნებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილების შეკეთებით იყო დაკავებული და ავტოსახელოსნო საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.  სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ხელოსნის ძმაც.

ბრალდებულების ოჯახში ამტკიცებენ, რომ კაცს რამდენიმე დღის წინ მოუყვანეს ავტომობილი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, შოთა ლორიას ეკუთვნოდა. ბრალდებულის ახლობლების თქმით, ავტომობილი მათთან იმ მამაკაცმა მიიყვანა, რომელიც პოლიციის მიერ იძებნება. 

მე ბაბუა ვარ, არც ვიცი რა ვთქვა, აქ უამრავი მანქანა მოჰყავთ, ასე მოიყვანეს ესეც. მეორე დღეს პოლიცია დაგვადგა და თქვეს, რომ მანქანას ეძებდნენ, რომ ნახეს მანქანა,იკითხეს, ვინ აკეთებდა, იმ წუთშივე დაავლეს ხელი  ჩემს შვილიშვილს და წაიყვანეს, ჯერ დაკითხეს და მერე უთხრეს გაკავებთო. 

მანქანა რომ მოიყვანეს და დაგვიტოვეს მეპატრონე აქ არ იყო, 4 პოლიციელი შემოვარდა გინებით ჩვენგან რა უნდოდათ არ ვიცი, ჩვენ არც კი ვიცით სახელი ვინ მოიყვანა მანქანა, მანქანაც წაიყვანეს სამართალდამცავებმა მოხსნილი ნაწილებიც თან წაიღეს"- აცხადებს დაკავებულის ბაბუა. 

54  წლის კაცი 20 მაისს მოკლეს. საქმის მასალების თანახმად, 3-მა ახალგაზრდამ ტაქსის მძღოლს ავტომანქანა გააჩერებინა და მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები