ძალადობის შემზარავი ფაქტი იმერეთში - 13 წლის გოგონა სავარაუდოდ საკუთარი ოჯახის წევრების მსხვერპლი გახდა
სასტიკად ნაცემი 13 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ საკუთარი ოჯახის წევრების მსხვერპლი გახდა. მეშვიდე კლასელი ამტკიცებს, რომ საკუთარმა მამამ და ბიძამ უმოწყალოდ სცემეს, ძირს დაგდებულ ბავშვს წიხლებს ურტყამდნენ, რის გამოც მას უმძიმესი დაზიანებები აქვს მთელ სხეულზე. სისხლჩაქცევები კიდურებსა და ტანზე, კიდევ უფრო მძიმე, მისი ემოციური მდგომარეობა.
როგორც ირკვევა, მოზარდს მამა და ბიძა ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც გაიგეს, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავდა.
ამბავი მას შემდეგ გახმაურდა რაც გოგონამ საშველად ხმოვანი შეტყობინება მეგობარს გაუგზავნა. ამ შეტყობინებაში მოზარდი თავად ჰყვება, როგორ სცემდა მას საკუთარი მამა. მეგობარმა განგაში ატეხა და მომხდარის შესახებ ბავშვის დედას შეატყობინა, რომელიც წლებია ემიგრაციაშია. ამის შემდეგ კი საქმეში პოლიცია ჩაერთო.
გოგონამ უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცველებს. ძალადობაში მხილებული მამაც და ბიძაც პოლიციაში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან.