მკვლელობა facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო - დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

25.05.23 16:22
მკვლელობა facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო - დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

წერეთლის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 20 წლის კაცი, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა.

განსასჯელის სკამიდან, თავის სამართლებლად ბრალდებულს დღეს არც ერთი სიტყვა უთქვამს. მას არ უთქვამს, რის გამო დასრულდა მკვლელობით სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება ან რატომ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები თანატოლს.

პროკურორის თქმით, ქმედება ბრალდების მხარის მიერ შეფასებულია, როგორც ხულიგნური თანაგრძნობით ჩადენილი ქმედება. აღკვეთის ღონისძიებად ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

"ბრალდებულის მიმართ, სასამართლომ, ბრალდების მხარემ მოტივირებული შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიებად მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, რაც დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და ბრალდებულს შეეფარდა დაპატიმრება. ბრალდების მხარის ინფორმაციით მკვლელობა ჩადენილ იქნა უმნიშვნელო მიზეზის გამო, რაც შეფასდა ბრალდების მხარის მიერ ხულიგნური თანაგრძნობით ჩადენილი ქმედება" - ამბობს პროკურორი, გია შაიშმელაშვილი.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი აბსოლუტურად არაკონტაქტურია. პოზიციის გასაგებად ადვოკატი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

"ბრალდებული არის ამ ეტაპზე აბსოლუტურად არაკონტაქტური. მასთან და მისი პოზიციის გაგება არის აბსოლუტურად შეუძლებელი, აქედან გამომდინარე, სანამ ექსპერტიზა არ დაგვიდგენს მის შერაცხადობის ან შეურაცხადობის საკითხს შესაბამისად მის ყოველივე სიტყვაზე შესაძლოა იყოს მისი ჰალუცინაციის ან ფანტაზიის ნაყოფი" - ამბობს ადვოკატი, ანა ჟღენტი.

"ფეისბუქპოსტზე" დაწერილი კომენტარის გამო 19 წლის ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტეს. სოციალურ ქსელში კონფლიქტის  შემდეგ  შაკო ქაშაკაშვილი საქმის გასარჩევად დიდუბეში დაიბარეს. ახალგაზრდა ბიჭს დანა მუცელში ჩაარტყეს და  ქუჩაში ასე დატოვეს. მსხვერპლი სისხლისგან დაიცალა. როდესაც ის გამვლელებმა საავადმყოფოში  გადაიყვანეს, გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო

 მომხდარზე დაკავებულია 20 წლის  გიორგი იორაშვილი.