ისრაელში გასტროლზე წასული მოცეკვავეები უკან აღარ დაბრუნდნენ
გასტროლებზე წასული ქართველი მოცეკვავეები ისრაელში დარჩნენ. ანსამბლ "ხორუმის" სამი წევრი ბათუმში დაბრუნებას, დიდი ალბათობით, აღარ აპირებს.
მოცეკვავეების იერუსალიმში დარჩენას ადასტურებს ანსამბლის ადმინისტრატორიც, თუმცა ამტკიცებენ, რომ ისინი რამდენიმე დღით ნათესავებთან აპირებენ ყოფნას. არსებობს ვარაუდი, რომ ქართველმა მოცეკვავეებმა ისრაელში დარჩენა სამუშაოდ გადაწყვიტეს.
აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტსი თავმჯდომარის, დავით ბაციკაძის თქმით, თუ ანსამბლის წევრები უკან არ დაბრუნდებიან, ეს დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, რაც პრობლემას შეუქმნის სხვა ანსამბლებს სამომავლოდ დაგეგმილ გასტროლებზე. პრობლემები შეიძლება, შეიქმნას ისრაელთან უერთიერთობების სფეროშიც.
"მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ. ანსამბლის ხელმძღვანელობამ დაგვიდასტურა, რომ ჰქონდათ კომუნიკაცია სამივესთან და თქვეს, რომ რამდენიმე დღით დარჩნენ ახლობლებთან და აპირებენ გამომგზავრებას რამდენიმე დღეში და რა თქმა უნდა, მათი საქმეა რასაც გააკეთებენ და როგორც მოიქცევიან, მაგრამ თუ ისინი არ დაბრუნდნენ საერთოდ ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ მათი ეს საქციელი იქნება უპასუხისმგებლო და ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის სხვა ანსამბლებსაც. ასეთი ადამიანების მიუხედავად ვეცდებით, რომ გავუშვათ, უბრალოდ ისაა, რომ ისრაელში შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენი ანსამბლები არ დაპატიჟონ იმიტომ, რომ იქ ცოტა სხვა ურთიერთობაა". - ამბობს დავით ბაციკაძე.