3 500 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი

30.05.23 10:35
3 500 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი

3 500 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თაღლითურ დაჯგუფებასთან ერთად კახეთში  კონკრტეული კომპანიის  კუთვნილი მიწის ნაკვეთების მითვისება გაყალბებული დოკუმენტებით სცადა. მას ხელბორკილები ფინანსთა სამინისტრომ მაშინ დაადო, როდესაც თაღლითურ დაჯგუფებასთან ერთად ნაკვეთების მითვისებას ცდილობდა. ახლა დაკავბული ციხეშია, გამოძიება კი დანაშაულის სხვა ფიგირანტების  წინააღმდეგ  გრძელდება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ლარს. ამასთან, ბრალდებული შეეცადა ამავე გზით დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებაც შეადგენს დაახლოებით 1 000 000 ლარს, თუმცა აღნიშნული ვერ მოიყვანა სისრულეში მათზე გავრცელებული ყადაღის გამო.

საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რათა ბრალდებულსა და მასთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მისცემოდათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების განკარგვის შესაძლებლობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, (19)180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,-აღნიშნულია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.