ლაგუნაზე ოლიგარქის ცათამბჯენები მაინც აშენდება - მერიამ პროექტში მინიმალური ცვლილებები შეიტანა

31.05.23 12:08
ლაგუნაზე ოლიგარქის ცათამბჯენები მაინც აშენდება - მერიამ პროექტში მინიმალური ცვლილებები შეიტანა

თბილისის ცენტრში ივანიშვილი 65-ის ნაცვლად, 52 სართულიან ცათამბჯენს ჩადგამს. ოლიგარქის ე.წ. ჟირაფები „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე განთავსება.

დიდი პროტესტის შემდეგ მერიამ „ფონდ ქართუს“ მასშტაბური პროექტი ფორმალურად დაახარვეზა, თუმცა საბოლოოდ, მინიმალური ცვლილებები შეიტანა და სავარაუდოდ, მშენებლობის ნებართვაც უახლოეს პერიოდში გაიცემა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გმირთა მოედანზე ისედაც სატრანსპორტო კოლაფსის პირობებში მყოფ  თბილისს მძიმე ტვირთად დააწვება.

ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი ამბობს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ პასუხი არ აქვთ. ფიქრობენ, რომ ქალაქის მერს და მის გარემოცვას ეშინია არქიტექტორების აზრის. მათ კახა კალაძის ქმედებები ღალატად შეაფასეს.

"რაც საპროექტო ჯგუფმა შეცვალა პროექტში ეს არის კულტურული მემკვიდრეობის არეალთან დაკავშირებული დასკვნა ანუ ხელოვნებათმცოდნის დასკვნა, რომელიც შერბილდა და დაშვება გააკეთა იმის, რომ ასეთი ვერტიკალები გაჩნდეს ამ ტერიტორიაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს. 50-ზე მეტი არქიტექტორის ხელმოწერა შევიდა, სადაც მოვითხოვეთ მერთან შეხვედრა. ჩვენ გამოვითხოვეთ ასევე პროექტი, რომელიც ახლა არის შეტანილი, მაგრამ ამაზეც პასუხი არ მიგვიღია, მერიას ეშინია და დედაქალაქის მერს ეშინია არქიტექტორების აზრი. ის რასაც კახა კალაძე აკეთებს არის ღალატი ამ ქალაქის" - ამბობს ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი, ანა ბიბილაშვილი.

თბილისის გენერალური გეგმის ავტორი ამბობს, რომ საკითხები დეტალურად შესასწავლია. გარდა ამისა, თბილისში მიზიდულობის ცენტრს სწორედ ქალაქის ისტორიული ხედები და ლანდშაფტები წარმოადგენს, ხოლო თუ ამასაც დავფარავთ, აღარაფერი დარჩება.

"იგივე კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, იგივე ვთქვათ ზომიერების კუთხით იგივე სატრანსპორტო კუთხით და ბევრი სხვა მიმართულებით საინჟინრო კომუნიკაციების კუთხით და ა.შ. ეს საკითხები არის განსახილველი და დეტალურად შესასწავლი. საჯარო განხილვები ალბათ ძალიან კარგი იქნება. ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ისტორიული გარემო და ხედები. თბილისში მიზიდულობის წერტილია ძველი ისტორიული გარემო და ისტორიული ლანდშაფტი ამის შენარჩუნება აუცილებელია და ჩვენ თუ ეს დავფარეთ რაღა გამოვიდა" - ამბობს თბილისის გენერალური გეგმის ავტორი, მამუკა სალუქვაძე.

მსგავსი სიახლეები