ჭაში ჩამარხული ბიჭის საქმე - კახეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის გამაოგნებელი დეტალები

03.06.23 21:00
ჭაში ჩამარხული ბიჭის საქმე - კახეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის გამაოგნებელი დეტალები

"მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს, მაგრამ ეს იყო მართლაც გამორჩეული ფაქტი, რადგან ბრალდებულების მხრიდან იყო გამოვლენილი განსაკუთრებული სისასტიკე... მათ ჩვეულებრივი წესით გააგრძელეს ცხოვრება" - ასე აღწერს "შაბათის ეთერთან"  22 წლის გიორგი მოდებაძის მკვლელობას პროკურორი, რომელმაც ცემით მოკლული და ჭაში ჩამარხული ბიჭის საქმე გახსნა. 

4 თვე გიორგი მოდებაძეს დედა მთელს საქართველოში ეძებდა ამ დროს კი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი, საკანალიზაციო ჭაში იყო ჩამარხული.  

ყველაფერი მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, 2023 წლის 18 იანვარს დაიწყო. 22 წლის გიორგისთვის საბედისწერო ერთი სატელეფონო ზარი და მეგობრის გიორგი სულხანიშვილის თხოვნა აღმოჩნდა. ბავშვობის მეგობარმა მას კახეთში აგარაკზე სოფელ ველისციხეში საქეიფოდ წასვლა შესთავაზა. მათთან ერთად კახეთში გაემგზავრა სულხანიშვილის ნათესავი, უშანგი ბერძენიშვილიც

გზად კახეთისკენ მეგობრებმა საქეიფოდ დაპატიჟებულ გიორგის ვალი 1700 ლარი შეახსენეს და მისი დაბრუნება მოსთხოვეს. მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი სულხანიშვილი რუსთავში მანქანის ნაწილებით ვაჭრობდა. დამტვრეული ავტომობილის შესაკეთებლად გიორგი მოდებაძე მას მანქანის ნაწილები გამოართვა და ფული ჰქონდა გადასახდელი.

თანხის დაბრუნებას რომ გიორგი ნამდვილად აპირებდა ამას "შაბათის ეთერს"  ბიჭის დედაც უდასტურებს, ქალი, რომელიც უკიდურესი გაჭირვების გამო საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა, ერთადერთი შვილის მკვლელობის ამბავი ემიგრაციაში გაიგო. თაკო მირზაშვილი აცხადებს, რომ თანხის დაბრუნების შესახებ ის მკვლელობაში ბრალდებულს და მის ოჯახს თავად ელაპარაკა.

ნისიად წოდებული 1700 ლარის ავტო ნაწილები საბოლოოდ გიორგისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი  აღმოჩნდა. პროკურორი დარწმუნებულია, რომ მეგობრებმა გიორგი ვალის გამო რუსთავიდან კახეთში ანგარიშსწორებისთვის გაიტყუეს, მკვლელობა კი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. 

საქმის მასალებით დგინდება, რომ როგორც კი საქეიფოდ რუსთავიდან ველისციხეში ჩაყვანილი 22 წლის გიორგი მოდებაძე, სულხანიშვილების სახლში შევიდა, პირველ სართულზე ორმა მეგობარმა ბლაგვი საგნით ცემით მოკლა. მოკლულის ცხედარი ზეწარში გაახვიეს, ეზოში გამოიტანეს და გვამი ქუჩაში გაჩერებული ავტომობილის საბარგულში ჩადეს. ეს ყველაფერი კი ისე გააკეთეს რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო.

ბავშვობის მეგობრის მკვლელობის შემდეგ, ბრალეულებმა  კვალის დაფარვა და მტკიცებულებების  განადგურება დაიწყეს, სანამ 22 წლის გიორგის  ცხედარი საბარგულში  ჰქონდათ გადამალული, სახლში დაბრუნდნენ ოთახები დაალაგეს და სისხლისგან გაწმინდეს. ამის შემდეგ გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი უკან ავტომობილში დაბრუნდნენ და მთავარი მტკიცებულებების გადამალვა გადაწყვიტეს. საბოლოოდ კი 22 წლის ბიჭის ცხედარი ზეწარში გახვეული წაიღეს  საკანალიზაციო  ჭაში დამარხეს.

ამით ყველაფერი არ დასრულებულა, ახლა მთავარი სამიზნე გიორგის ემიგრანტი დედა იყო, რომელიც შვილს მოიკითხავდა, ამიტომ გიორგი სულხანიშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა მოკლულის ტელეფონი თან წაიღეს და დედას უკვე მოკლული გიორგის სოციალურ ქსელით წერდნენ, რომ თითქოს ცოცხალი იყო და მონასტერში წავიდა. 

მეტიც, ირკვევა, რომ სასტიკი მკვლელობის შემდეგ, სულხანიშვილი მოკლულის დედას ვალის დაბრუნებას ისევ სთხოვდა. ასე გრძელდებოდა იქამდე ვიდრე 4 თვის თავზე გიორგი სულხანიშვილი და უშანგი ბერძენიშვილი მოულოდნელად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე არ დაიბარეს, იქ მისულმა სულხანიშვილმა კი კი ყველაფერი თავად აღიარა.

სასტიკი მკვლელობა კახეთში - ყველა დეტალი მარიამ გაფრინდაშვილმა გაარკვია

 

მსგავსი სიახლეები