აქცია თბილისის ცენტრში - მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებს
ამ წუთებში საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩის 58 ნომერში სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებენ.
მშენებარე კომპანიას დღეს სამშენებლო მასალის შეტანა და ტექნიკის შეყვანა უნდოდა ტერიტორიაზე, მაგრამ მოქალაქეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შეკრებილებს თქმით გეოლოგიური დასკვნა არსებობს მხოლოდ 17 სართულიანი კორპუსის აშენებაზე, მაგრამ ირკვევა, რომ მშენებელს 25 სართულიანი კომპლექსის აშენება უნდა.
ადგილობრივების თქმით, დასკვნა, რომელიც სამშენებლო კომპანიას აქვს არის ძველი და გაკეთებულია 17 სართულიან შენობაზე, მაგრამ 25 სართულიან სახლს აშენებენ. ამიტომ, გეოლოგიური დასკვნა თავიდან უნდა გაკეთდეს. მათი მოთხოვნაა პროექტი გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საღამოს 20:00 საათზე მასშტაბურ აქციას აანონსებენ.
"სერიოზული დარღვევაა, გეოლოგია გაკეთებული აქვთ 17 სართულიან სახლზე, ხოლო აშენებენ 25 სართულიან სახლს. შეუძლებელია, დაინგრევა სახლი ან ჩვენს სახლს მიადგება ზიანი, რომელიც სულ რამდენიმე მეტრშია ამ სახლიდან. ვინც გასცა ამ 17 სართულიანი სახლის გეოლოგიის ნებართვა, ის წერს დასკვნა გვაქვს, რომ ეს გეოლოგიური კვლევა თავიდან არის გასაკეთებელი, ასეთ სახლზე არ შეიძლება ძველი კვლევის გამოყენება, ამიტომ პროექტი გასაუქმებელია ნებისმიერ შემთხვევაში" - ამბობს ადგილობრივი, მერაბ კახიანი.